არ შეიძლება, გვინდოდეს ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკური კლასი წყვეტს, ვინ ახორციელებდეს მართლმსაჯულებას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა.
მისი თქმით, კარგი იქნება თუ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხები გაეცემა, რადგან ამას მოითხოვს ქართულ ამერიკული-ურთიერთობების ინტერესიც.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეხედულებებზე არ იქნება დამოკიდებული სასამართლოში, რომელიმე მოსამართლის ყოფნა-არყოფნის საკითხი. არ შეიძლება, გვინდოდეს ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკური კლასი წყვეტს, ვინ ახორციელებდეს მართლმსაჯულებას. ეს შეუთავსებელია, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებთან. როდესაც სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, მათი რაღაც გადაცდომების გამო, ხდება სანქციების დაწესება, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაჩნდა, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ. სიმპათიისა და ანტიპატიისთვის არ უნდა ხდებოდეს სანქციების გამოყენება-არგამოყენება. ქალბატონი ელჩი თავს აშკარად არიდებს პასუხის გაცემას, რატომ არ გამოიყენეს სანქციები სააკაშვილის დროს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. რა არის ის კონკრეტული, თუნდაც საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელსაც თვლიან ისეთ გადაცდომად, რაც იმსახურებს სანქციების გამოყენებას და რაც არ ჰქონდა ჩადენილი წინა ხელისუფლებას, კარგი იქნება თუ საზოგადოებაში გაჩენილ ამ კითხვებს პასუხები გაეცემა, რადგან ამას მოითხოვს ქართულ ამერიკული-ურთიერთობების ინტერესიც. ესეც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.