ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საზღვარზე პოლიციელთა რეზერვებისა და სამხედროების მობილიზება დაიწყო მას შემდეგ, რაც თელ-ავივში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. შედეგად დაიღუპა 36 წლის ტურისტი, დაშავდა კიდევ შვიდი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული იტალიის მოქალაქეა.
მომხდარი ისრაელმა ტერორისტულ აქტად შეაფასა, ლიკვიდირებულია ავტომობილის მძღოლი.
მანამდე ინციდენტი მოხდა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიაზე, სადაც ისრაელის და ბრიტანეთის მოქალაქეობის მქონე ორი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ხოლო მათი დედა მძიმედ დაშავდა. ისრაელის არმიის ცნობით, მათ ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ავარია მოხდა.
ვითარება ისრაელში ბოლო ხანს ძალიან დაიძაბა. შეტაკება იყო იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთში, ტაძრის მთაზე პალესტინელ მლოცველებსა და ისრაელის უშიშროების ძალებს შორის.
ამის შემდეგ ლიბანისა და ღაზას ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს, თუმცა არავინ დაშავებულა. ისრაელმა პასუხისმგებლობა „ჰეზბოლას“ დააკისრა და საპასუხოდ მათ პოზიციებზე საავიაციო იერიში მიიტანა.