შაბათს, 20:00 საათზე, კანცელარიის წინ ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით კანცელარიის ეზოს შემოღობვა დაიწყეს. ამ ფაქტს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმიანება.
"ხელისუფლებას მივმართავ, ხალხი იყოს ქუჩაში, პროტესტის განწყობა იყოს და რა ღობემ უნდა დაგიცვათ? ვინ გივარდებათ, ან წინა აქციის დროს ვინ შემოგივარდათ? მშვიდობიანი აქცია იყო და შემდეგ ხალხი დაიშალა. ასეთი მოქმედებებით, უფრო თავს ყიდით, რომ შეშინებულები ხართ". – თქვა ჩერგოლეიშვილმა
ჩერგოლეიშვილის თქმით, ხელისუფლების ამ ქმედების მიუხედავად, დაგეგმილი აქცია არ ჩაიშლება და ის კანცელარიის ნაცვლად პარლამენტის წინ ჩატარდება.
"უპრეცენდენტო რამეს ვხედავთ კანცელარიის წინ. ჩვენ გვახსოვს, 2003 წელს ცვლილებების წინ, როგორ ამოიშენეს ღობე კიბესთან შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ახლაც გვეგონა, რომ რაღაც მსგავსს აპირებდნენ. თურმე, ამათ გადააჭარბეს ყველაფერს და მთელ ტერიტორიას ღობავენ. ჩვენ ხვალ აქ უნდა გვქონოდა ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია. წინა შაბათს უკვე გვქონდა და ყოველ შაბათს ვაპირებდით, რომ აქ, მისი მხარდასაჭერი აქცია გაგვემართა შერჩევითი სამართლის წინააღმდეგ და არ მიგვეცა სანქცირებული სასამართლოსთვის მისი დასჯის შესაძლებლობა. ხელისუფლებამ მხოლოდ ადგილმდებარეობის გეგმა ჩაგვიშალა, რადგან აქ ღობეს აყენებს, ხოლო ჩვენ პარლამენტთან გადავინაცვლებთ და იმედია, იმაზე მეტი ხალხი მოვა, ვიდრე აქ უნდა მოსულიყო" - აღნიშნა მან
ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია 8 აპრილს, 20:00 საათზე ევროპული საქართველოს, ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა და თავისუფლების ინსტიტუტისპარლამენტის წინ გაიმართება.
აქციაზე ქართველი მუსიკოსები, მსახიობები და საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას გამოუცხადებენ ლაზარეს.