არ ვიცნობ ამ ადამიანს და არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსის საქართველოში არშემოშვების საკითხზე დასმულ შეკითხვას.
„არასდროს გამიგია ამ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც ლილუაშვილმა გუშინ მედიასთან ისაუბრა. არავისგან ყოფილა კონტაქტი ჩვენთან, მათ შორის, ამ პიროვნებისგან. ჩვენ ვპასუხობთ ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც დაუკავშირდებიან საელჩოს დასახმარებლად. ჩვენ არ გვაქვს მონაცემები ყველა ამერიკელზე, ვინც საქართველოში ჩამოდის. საქართველო გასაოცარი ადგილია სტუმრობისთვის და უამრავ ადამიანს სურს საქართველოში ჩამოსვლა. არ ვიცნობ ამ ადამიანს და არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა. წარმოდგენა არ მაქვს. არაფერი ვიცოდით ამ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა დეგნანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში.