სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილება სწორედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის მიღებული, რასაც ხაზი გაუსვა ელჩმა დეგნანმა საკუთარ განცხადებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა სხვადასხვა წყაროს გამოყენებით მტკიცებულებებს.
„ეს არის სწორედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება, რასაც ხაზი გაუსვა ელჩმა დეგნანმა საკუთარ განცხადებით. „ქართული ოცნების“ პირობებში, სასამართლო ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს ციხეში ამწყვდევს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტს წამების ქვეშ ამყოფებს. აშშ-ის საგარეო უწყებას პრაქტიკა მრავალი ათწლეულის განმავლობაში აქვს, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით მხარი დაუჭიროს ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას და კანონის უზენაესობას. ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ განცხადებები ღიმილის მომგვრელია. მტკიცებულება უნდა იყოს და არის კიდეც, რასაც ამბობს ელჩი დეგნანი. დარწმუნებული ვარ, თუ ხელისუფლება მოითხოვს, მტკიცებულებების გაზიარების შესაძლებლობა იქნება, თუმცა ამას სჭირდება „ქართული ოცნების“ მხრიდან თანამშრომლობა, რომ თანამშრომლობის რეჟიმში სურთ მუშაობა და არა – შანტაჟის რეჟიმში. ამას ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, როდესაც საუბრობენ, თურმე სატელეფონო ჩანაწერები აქვთ, რომლის გამოქვეყნებითაც ახლა არა ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და ჟურნალისტებს ემუქრებიან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.