დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია, სამართლებრივად დადგინდეს სასამართლო სისტემაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა, რაც დაბრკოლებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სასწრაფოდ არის დასაყენებელი პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი.
„საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დაინახოს, რა არის კლანი, როგორ გამდიდრდა არასწორი და უკანონო გზით. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომის მოწვევას, ეს არის სასწრაფოდ დასაწყები საკითხი. ორშაბათს პრეზიდენტს სხდომის მოწვევის მიზნით მივმართავთ, რათა კომისიის შექმნას ხმა მივცეთ. ოპოზიციისთვის ეს იქნება ტესტი, ვინ აძლევს ხმას და ვინ – არა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ ქართულ სასამართლოში უმძიმესი მდგომარეობაა. ამერიკა ინფორმაციის საფუძველზე თავად წყვეტს, დააწესოს თუ არა სანქციები. მნიშვნელოვანია, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დადგინდეს კლანის გამდიდრების ყველა წყარო და ფართო ქსელი, რაც არსებობს „ქართულ ოცნებასა“ და სასამართლოს შორის. სასამართლოში არიან პატიოსანი და კარგი მოსამართლეები, რომლებიც სერიოზულ ზეწოლას განიცდიდნენ კლანის მხრიდან. ამიტომ საჭიროა გამოძიება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სურთ, კენჭისყრაზე დადგეს უკვე რეგისტრირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი. მათივე თქმით, მიმართავენ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის.