ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე პარლამენტში ბრიფინგი გამართეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. ხატია დეკანოიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ მოქმედებს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის წესი.
დეკანოძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის გადწყვეტილება ძალია საშიშია, მაშინ, როდესაც უმრავლესობის წარმომადგენლები პრაქტიკულად შერჩევით აძლევენ კომენტარს.
"მე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო რამდენად საშიში ფაქტი მოხდა გუშინ და რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში, წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც უნდა იყოს ნამდვილად დემოკრატიისთვის სამაგალითო. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში კრიტიკული შეკითხვების დასმის გამო, უმრავლესობისთვის, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების წევრებისთვის აკრედიტაცია შეუჩერდა "ფორმულას" ჟურნალისტს, ასევე, გუშინ, უმრავლესობის წარმომადგენლისთვის კრიტიკული შეკითხვის დასმის შემდეგ აკრედიტაცია შეუჩერდა მთავარი არხის ჟურნალისტსა და ტვ პირველის ჟურნალისტს, ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად საქართველოს პარლამენტი გადაქცეულია ჩაკეტილ, ყველაზე უფრო გაუვალ სფეროდ მათ შორის ჟურნალისტებისთვის, უმრავლესობის წარმომადგენლები პრაქტიკულად შერჩევით აძლევენ კომენტარს, იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ ისინი არ დადიან კრიტიკულ მედიაში", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძემ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს, გააუქმოს პარლამენტში ამოქმედებული აკრედიტაციის წესი და დაუბრუნდეს აკრედიტაცია ყველა ჟურნალისტს, რომელსაც შეჩერებული აქვს საქმიანობის უფლება საკანონმდებლო ორგანოში.
დაუყოვნებლივ გვინდა მოვითხოვოთ, რომ ეს წესი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, გაუქმდეს, დაუბრუნდეს აკრედიტაცია ყველა ჟურნალისტს, რომელსაც შეჩერებული აქვს დღეს წარმომადგენლობა, შემოსვლა და თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელება და რეალურად, საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე და ყველა უმრავლესობის წარმომადგენელი მოიქცეს ისე, როგორც კანონმდებლობითაა გაწერილი. ისინი არიან საჯარო პირები და აქვთ ვალდებულება კონსტიტუციის წინაშე, საქართველოს მოქალაქეების წინაშე, იმიტომ რომ წარმოადგენენ მოქალაქეების მანდატს, რომ პასუხი გასცენ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას", - განაცხადა დეკანოიძემ.
პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია “ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებისა და ოპერატორებს.