მინდა, კოლეგებს სოლიდარობა გამოვუცხადო, მათ კორუმპირებულობაზე საუბარი არის აშკარა სიცრუე, რაც უახლოეს მომავალში აუცილებლად დადასტურდება, ამაში ჩვენი საზოგადოება ნათლად დარწმუნდება, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მსურს, გამოვეხმაურო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჩემს კოლეგებზე (მათ შორის ერთი ყოფილი კოლეგაა) და მათი ოჯახის წევრებზე სანქციის დაწესების შესახებ.
პირველ რიგში კოლეგებს მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო, ვინაიდან არიან უაღრესად კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანები. თითოეულს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმ წარმატებაში, რომელიც დღევანდელ დამოუკიდებელ ჩვენ სასამართლო სისტემას გააჩნია. მათ კორუმპირებულობაზე საუბარი არის აშკარა სიცრუე, რაც უახლოეს მომავალში აუცილებლად დადასტურდება და ამაში ჩვენი საზოგადოება ნათლად დარწმუნდება.
ამჟამად კი ჩემს განცხადებაში მინდა, სხვა რამეზე გავამახვილო ყურადღება – ეს არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილების რეპრესიული ფორმა და ხასიათი. ანუ, დააკვირდით, მეგობრებო, გადაწყვეტილება ეხება არა მარტო მათთვის მიუღებელ (არასასურველ) მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც!წარმოიდგინეთ – მეუღლეებს, შვილებს, მშობლებს და ა.შ. …
მე ეს მაგონებს სტალინი-ბერიას ეპოქას, რა დროსაც არსებობდა არასასამართლო ორგანოები, რომლებიც ადამიანთა ბედს უფრო „მოქნილი მექანიზმით“ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაჩქარებულად წყვეტდნენ. აღსანიშნავია, რომ მათი რეპრესიების მსხვერპლნი ხდებოდნენ არა მხოლოდ ბოლშევიკებისთვის პოლიტიკურად მიუღებელი პირები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც მათი ოჯახის წევრები იყვნენ.
გეთანხმებით, ძალიან ცუდი შედარებაა, თუმცა თქვენც დამეთანხმებით, რომ ფაქტი სახეზეა.
ვფიქრობ, მიუღებელი უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მისი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს მოსამართლეებს ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულების გარეშე ისეთი უმძიმესი იარლიყის მიწებება, როგორიც არის კორუმპირებულობა, თუმცა ათასჯერ უფრო მიუღებელი და შემაშფოთებელია ამ ვითარებაში მათი ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიების განხორციელება!
მინდა, მჯეროდეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რაზეც იდგა, პირველ რიგში ეს არის სამართლიანობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, უდანაშაულობის პრეზუმფცია და ა.შ.“,- წერს სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქზე“.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.