უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ირიბად აღიარებს, რომ ბახმუტის დიდ ნაწილს რუსეთის ძალები აკონტროლებს.
„ბახმუტის მიმართულებაზე მტერი აგრძელებს შეტევით მოქმედებებს, ცდილობს სრული კონტროლი დაამყაროს ქალაქ ბახმუტზე, გრძელდება სასტიკი ბრძოლები“, - ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.
ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ჯერ კიდევ 28 მარტს ორივე მხარის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ სავარაუდოდ, დაიკავა ბახმუტის 65 პროცენტი.
მათივე ცნობით, რუსებმა კიდევ წაიწიეს წინ. 2 აპრილს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამტკიცებს, რომ ბახმუტის ადმინისტრაციის შენობის ნანგრევებთან იმყოფება.
გენშტაბის ანგარიშის თანახმად, რუსები აგრძელებენ შეტევას ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით და ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ. გენშტაბის განცხადებით, ორეხოვო-ვასილივკასა და ბოგდანოჯკის რაიონებში ათამდე შეტევა მოიგერიეს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რუსი სამხედროები ცდილობენ შეტევას ძირითადად ოთხი მიმართულებით: ლიმანის მიმართულებით, ბახმუტის რაიონში, ავდეევკაში და მარინკის რაიონში.