აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა იმედთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის მოქალაქის მარშალ ქომინსის არშემოშვებასა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებას შორის კავშირი არ არსებობს და ეს კონსპირაციული თეორიების ნაწილია, რომელსაც ქართული ოცნება ხშირად იმეორებს.
"არანაირი კავშირი არ არის. ეს კონსპირაციული თეორიების ნაწილია, რაც გვინახავს, რასაც ხშირად იმეორებს მმართველი პარტია. ეს აბნევს საზოგადოებას. აშშ-ს აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია საქართველოს დახმარების, რასაც ვაკეთებთ ეს არის საქართველოს დასახმარებლად - ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად. ამისთვის ვართ საქართველოში", - თქვა დეგნანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა დღეს დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში არ შემოუშვეს ამერიკის მოქალაქე, ევრაზიის საკითხებში სპეციალისტი მარშალ ქომინსი.
ლილუაშვილის თქმით, ქომინსის საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე "დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების, დატრენინგებასა და მათთვის მითითებების მიცემაში".