საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, სანდო მტკიცებულება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები, რომლებიც აშშ-ის მიერ დასანქცირდნენ, ბოროტად იყენებდნენ უფლებამოსილებას სასამართლო სისტემაში. ამის შესახებ კელი დეგნანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
კელი დეგნანის თქმით, მოსამართლეების დასანქცირება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ჩვენ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ბოროტად იყენებდნენ თავის უფლებამოსილებას სასამრთლო სისტემაში და ამიტომ არის სავიზო სანქციები მათ წინააღმდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი კორუფციის წინააღდეგ ბრძოლისა და საქართველოს დახმარების, მიაღწიოს ნამდვილად დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას. მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც მიიღწა და ამერიკა ძალიან ამაყობს, რომ საქართველოს მთავრობასთან იმუშავა სასამართლო რეფორმების ოთხ ტალღაზე, რომელმაც ხელი შეუწყო ეფექტურობის, გამჭვირვალობის გაუმჯობესებას, მაგრამ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს დაფუძნება უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს შინაარსიანი რეფორმები, რაც ნამდვილად უზრუნველყოფს საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობას. იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ევროპელი სამართლებრივი ექსპერტების რეკომენდაციები პარლამენტისთვის, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ სასამართლო რეფორმა გაგრძელდეს, რეალურად დაფუძნდეს დამოუკიდებელი სასამართლო. ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა კომისიის რეკომენდაცია გასულ თვეს ვნახეთ, რომ რეფორმები საჭიროა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის“, - განაცხადა დეგნანმა.
მისი თქმით, ქართველები იმსახურებენ მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის.
„ეს ოთხი ადამიანი იყო ნაწილი იმისა, რაც ხელს უშლიდა ამ რეფორმებს, ნაბიჯებს. ეს არ არის კარგი ქართველებისთვის, რადგან ქართველები იმსახურებენ სამართლიანობას, მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის. სამართლის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ცენტრალური ნაწილია. სწორედ ამიტომ, კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლო რეფორმა არის 12 რეკომენდაციის ნაწილი, რაც ევროპის კავშირმა განსაზღვრა საქართველოსთვის, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. წლების მანძილზე ამაზე მუშაობს საქართველო და შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. სავიზო სანქციები არის ამერიკული კანონის შესაბამისად. ქართველი სამართალდამცავების გადასაწყვეტია, დაიწყონ რაიმე გამოძიება“, – განაცხადა დეგნანმა.