დასავლელი პარტნიორებისა და, ზოგადად, დასავლეთისგან მოლოდინი გვაქვს, რომ ყველანაირად სამართლიანი და ლოგიკური გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა მოსამართლეების სანქცირების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
„მინდა, საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს, რომ ეს არის ჯერ კიდევ ართქმული მტკიცებულებები, არც სახელმწიფო დეპარტამენტს, არც ქალბატონ ელჩს უთქვამს, რის საფუძველზე მოხდა დასანქცირება და თავად თუ უბრალოდ სიტყვაზე უნდა ვენდოთ, ალბათ მოლოდინი გვექნება, რომ ასეთი მტკიცებულებები არსებობს და ისინი აუცილებლად გადასცემენ ჩვენს სამართალდამცავ უწყებებსაც, რადგან თავად ბრალდება ძალიან მძიმეა. სანქციებს რომ თავი დავანებოთ და ამ ბრალდების უკან თუ კონკრეტული მტკიცებულებები არის, რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ ჩანს, ამას აუცილებლად ეყოლება კონკრეტული დაზარალებულიც. ამიტომ ყველანაირ ლოგიკას არის მოკლებული, რატომ არ ამჟღავნებენ მტკიცებულებებს. ალბათ ამაზე ჩვენი საზოგადოება აუცილებლად მოითხოვს პასუხს. ყველაფერი სხვა დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამაზე ალბათ ყველას გვაქვს ლეგიტიმური უფლება, რომ გვქონდეს მოლოდინი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
აშშ-მა 4 ქართველ მოსამართლეს - ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციული საქმიანობის გამო სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სანქციები ეხება მოსამართლეების ოჯახის წევრებსაც.