ნუ ჩაყვებით „ქართულ ოცნებას“ საფლავში თორემ გასაქცევიც არ გექნებათ დასავლეთში. მურუსიძე-ჩინჩალაძეს უთხრეს, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ, მხოლოდ ჩრდილოეთისკენ გაიქცეთ. დასავლეთისკენ თქვენი გზები იკეტება, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში ასეთი სამარცხვინო ფაქტი, როდესაც ქვეყნის მთავარ პარტნიორს და სტაბილურობის მთავარ გარანტს, საქართველოში უწევს მოსამართლეების დასანქცირება, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლება ამ მოსამართლეების შეცვლის მოტივით შეიცვალა.
„წინა ხელისუფლებიდან გამოყოლილი ნარჩენი, ნაგავი სასამართლოში დღემდე დარჩა და საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის მომავლის განვითარებას უშლის ხელს, ამტერებს თავის ქვეყანას, სანქცირებულს ხდის მთავარი პარტნიორისგან და ჩვენს ინტერესებს უპირისპირებს ჩვენი მთავარი პარტნიორის ინტერესებს. ვისაც ოდნავ საღი აზრი მოეკითხება სასამართლო სისტემაში ალბათ მიხვდება, რომ ეს პროცესი ასე არ დამთავრდება. პროცესი გაგრძელდება და საბოლო ჯამში, საბოლოოდ გამოუთხრის ძირს დღევანდელი სასამართლოს ლეგიტიმაციას. სასამართლოს, რომელსაც მთავარი პარტნიორები ასანქცირებენ, მათ მოსამართლეებს არ უშვებენ ამერიკის ტერიტორიაზე და სადამდე მივა ეს პროცესი კაცისშვილმა არ იცის. არანაირი უფლება არ გააჩნიათ ქართველი ხალხი გაასამართლონ და ციხეში გაუშვან. ქართველი ხალხი მურუსიძე-ჩინჩალაძის გასასამართლებელი არ არის. მით უმეტეს, ამ ფაქტის შემდეგ მთელი სამყაროსთვის ცხადია, რომ ჩვენ არ უნდა ვიმეტებდეთ საკუთარ მოქალაქეებს ამ ჯალათებისთვის. ეს გზავნილი არის ქართველი ხალხის მიმართ, ქართული ბიუროკრატიის მიმართ და ძალოვანი უწყებების მიმართ. ნუ ჩაყვებით „ქართულ ოცნებას“ საფლავში თორემ გასაქცევიც არ გექნებათ დასავლეთში. მურუსიძე-ჩინჩალაძეს უთხრეს, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ, მხოლოდ ჩრდილოეთისკენ გაიქცეთ. დასავლეთისკენ თქვენი გზები იკეტება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
აშშ-მა 4 ქართველ მოსამართლეს - ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციული საქმიანობის გამო სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სანქციები ეხება მოსამართლეების ოჯახის წევრებსაც.