„ესაა მკაფიო სიგნალი მათთვის, ვინც ანტიდემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები კი, ვინც დღეს აქ ნახსენები არაა, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ“, - ამის შესახებ ამბობს ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების შესახებ. იუწყება „ამერიკის ხმა“.
როგორც „ამერიკის ხმა“ აღნიშნავს, არადემოკრატიულ საქმიანობაში ჩართული პირების მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესების მომხრე აქამდეც იყო დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი. თუმცა კრამერი წუხს, რომ ეს ნაბიჯი ამერიკის მხრიდან საჭირო გახდა, რადგან ეს მხოლოდ იმას ასახავს, თუ რამდენად გაუარესდა სიტუაცია საქართველოში.
„ეს აჩვენებს მზარდ შეშფოთებას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე და უგზავნის მკაფიო სიგნალს მათ, ვინც ანტიდემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები, ვინც ამგვარ საქმიანობაში არიან ჩართულნი და არ არიან დღეს აქ ნახსენები, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ“, - მიიჩნევს კრამერი და იქვე განმარტავს, რომ ხალხს უნდა ესმოდეს: ეს არაა ქვეყნის, ან ქართველების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არაა სანქციები საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ესაა მიზანმიმართული სანქციები იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს მცდარი გზით წაყვანაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირიც იგივეს გააკეთებს“, - ამბობს დევიდ კრამერი.