არ არის სამართლიანი ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება და, ვიტყოდი, კატეგორიულად მიუღებელიცაა, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ასეთი მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
"ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით. აქ საქილიკო და სასაცილო ამბავი არ არის. სულ რაღაც ერთი საათია გასული, რაც გასაჯაროვდა ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, ამას სერიოზულად ვეკიდებით, მოვეკიდებით და თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი კომუნიკაცია და შემდგომი ნაბიჯები, ამას საზოგადოებას გავაგებინებთ და ავუხსნით. ამ ყველაფრის ფონზე და ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით, არ არის სამართლიანი ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება და, ვიტყოდი, კატეგორიულად მიუღებელიცაა, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ასეთი მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა. აშშ-ს მთავრობას არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი, - რა თქმა უნდა, აქ საქართველოს მთავრობა იგულისხმება,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა.