„ნაცმოძრაობას“ არაფერი ეშველება, გინდ ახალი და გინდ ძველი სახეები იყვნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად დამთავრებულია.
„ძველი სახეები სად არიან, მოიკითხეთ, სად არის ეს ხალხი. ერთი წლის წინ, თუ რაღაც პერიოდის წინ ახალ სახეებად რომ წარუდგინეს საზოგადოებას, მოიკითხეთ, სად არიან. ზოგი რუსეთშია, ზოგი სხვაგან არის. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, „ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ. ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით პარტიამ გინდ ახალი სახე წარადგინოს, გინდ ძველი და გინდა რაღაც პროგრამა, რომლისაც აღარავის სჯერა ამ ქვეყანაში. ეს პარტია დამთავრებულია, მხოლოდ სატელევიზიო პროდუქტს წარმოადგენს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს, ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წევრები, ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი წარადგინა.