ჩვენ როდესაც წინა დღეებში ვთქვით, რომ ეს აქცია იყო ორგანიზებული და „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგი იყო, ლამის ჩვენი თანაგუნდელები შეაჩვენეს და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ, ამ დროს, თავად „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გამოდის და ამბობს, ეს არის ჩვენი დაორგანიზებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ისინი თავადვე ადასტურებენ იმას, რაც არის სიმართლე და ეს სიმართლე მათი მხრიდან შეიძლება, ხანდახან მისასალმებელიც იყოს.
„ამ ბოლო დროს ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, რის გამოც ჩვენ ძალიან გვაკრიტიკებდნენ. ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, როდესაც ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს ჰყავს კონკრეტული დამფინანსებელი. შემდეგ ეს დამფინანსებელი თავად გამოვიდა და თქვა, დიახ, მე ვეხმარები, შემდეგ კი აღმოჩნდა, თურმე შეიძლება, მორალურ დახმარებაზეც ყოფილიყო საუბარი, თუმცა, ეს არავინ დაიჯერა და ფინანსური დახმარება დადასტურდა თავად ამ ფინანსური დახმარების ავტორის მიერ.
ისინი თავადვე ადასტურებენ იმას, რაც არის სიმართლე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ეს სიმართლე მათი მხრიდან შეიძლება ხანდახან მისასალმებელიც იყოს და მადლობაც კი გადავუხადოთ იმისთვის, რომ ასე გულწრფელად საუბრობენ იმაზე, რასაც აკეთებენ.
დიახ, ისინი აორგანიზებენ ძალიან ხშირად საპროტესტო მუხტს, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ რომელიმე ახალგაზრდა მართლაც გულწრფელად იდგა, რომელიღაც ახალგაზრდა მოტყუვდა თუ არ მოტყუვდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. იყვნენ იქ გულწრფელი ადამიანებიც, რომლებიც რაღაცას გულწრფელად აპროტესტებდნენ და იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ დაორგანიზების შედეგად, მათ შორის ნაცმოძრაობის დაორგანიზების შედეგად იყვნენ მიყვანილი. უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, თუმცა, ორგანიზების აღიარება არის ძალიან კარგი მათი მხრიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ 7-9 მარტს აქციაზე შეკრებილი ხალხი თავისით არ გამოსულა. მისი თქმით, მანამდე მათ მიერ ძალიან სერიოზული აქციებიც გაიმართა.
„ჩვენ ხომ ვნახეთ, ბოლო აქციები როგორი იყო. ანუ ბუნებრივი აქციები იყო, როდესაც ხალხს უბრალოდ დროის დათქმა უნდოდა, მოწოდება, რომ ამ დროს ვიკრიბებით და თავისით მოდიოდნენ. აქამდე უნდა მივიყვანოთ სიტუაცია. ანუ ღუმელი სულ ცხელი უნდა იყოს, არ უნდა გაგრილდეს ბუხარი. ჩვენი გადმოსახედიდან, პარტიების საქმე არის, რომ ტემპერატურა მუდმივად იყოს აწეული, რათა ხალხი ჩაერთოს”, - თქვა ცისკარიშვილმა.