საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპის საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს, ითანამშრომლონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში.
თალაკვაძის თქმით, პირველ რიგში, მოწოდების ადრესატი არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ყველანაირად ხელს უშლის სამუშაო პროცესს.
„როგორც ევროკავშირი, ასევე ევროპის საბჭო უკვე პირდაპირ დადებითად აფასებს და აღიარებს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რეკომენდაციების შესრულების სამუშაოს. პროცესი მიდის იმ დღის წესრიგით, იმ გეგმით, როგორც ჩვენ დავაანონსეთ. რაც შეეხება რამდენიმე მნიშვნელოვან განცხადებას და დასკვნას, რომელიც ევროპის საბჭომ გააკეთა, აქ ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, გვაქვს ძალიან გულწრფელი და სამართლიანი პასუხები. პირველი, როდესაც საკითხი ეხება დეპოლარიზაციას, ევროპის საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს, ითანამშრომლონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში. უნდა გვესმოდეს, რომ ევროპის საბჭო ცალკე რადიკალურ ოპოზიციას ვერ მიმართავს და არ მიმართავს, ანუ, ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. შესაბამისად, მათ მიმართეს ყველა პოლიტიკურ ძალას. ბუნებრივია, პირველ რიგში, ამის ადრესატი არის რადიკალური ოპოზიცია, სახელიდანაც ჩანს, რომ ეს ადამიანები არათუ თანამშრომლობენ, არათუ ჩვენთან ერთ მაგიდასთან სხედან და განიხილავენ საქართველოს რეფორმებს ევროინტეგრაციისთვის, არამედ ყველანაირად ხელს უშლიან სამუშაო პროცესს, ნორმალურ პოლიტიკურ დისკუსიას, მეტიც, აკეთებენ ყველაფერს ქვეყნის გარეთ, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება დაბლოკონ. ბუნებრივია, ეს პოლარიზაციას ვერ შეამცირებს”, - განაცხადა თალაკვაძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელეს.
"საქართველო გზაჯვარედინზეა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, განზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად ევროკომისიის მიერ დასახული რეფორმების 12 პრიორიტეტული მიმართულების განსახორციელებლად, რათა ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი", - ნათქვამია განცხადებაში
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მატს იმყოფებოდა.