"ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი, ამ ცხოვრებაში არანაირი გასაქანი არ უნდა ჰქონდეს", - ამბობს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "პალიტრანიუსის" ეთერში, რომელიც ლევან იოსელიანის მიერ საკუთარ მოადგილედ, ალეკო ელისაშვილის დისშვილის დანიშვნას ეხმაურება.
ელისაშვილის თქმით, ჯულაყიძე აბსოლუტურად დამოუკიდებელია და თავად იღებს გადაწყვეტილებებს
"ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარების არმქონე, არანაირი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს და მხოლოდ შენი ახლობელი რომ არის და ნათესავი, წაიყვან და სადმე თანამდებობაზე დასვამ. ჩემი დისშვილი დამოუკიდებელი ადამიანია და თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნეა. იქ რომ წავიდა ყველაზე მეტად დამწყდა გული, რადგან ჩვენს პარტიაში თუ ვინმეს ევალებოდა რამე, იყო ნათია. მილიონი ნათესავი მყავს და არასდროს არსად არ დამინიშნია, მათ შორის არც ჩემი დისშვილი. ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი, ამ ცხოვრებაში არანაირი გასაქანი არ უნდა ჰქონდეს? აბსოლუტურად დამოუკიდებელია და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ნათიამ თვითონ შეძლო ყველაფერი, მისი გადაწყვეტილება უხერხულობას არ მიქმნის. მე არ მინდოდა, რომ წასულიყო, მაგრამ ლევანმა შესთავაზა წასვლა" - თქვა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დღეს ახალი მოადგილეები წარადგინა, რომელთა შორის ერთ-ერთი, ნათია ჯულაყიძე "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია.