18 ექიმს ლიცენზია სხვადასხვა ვადით შეუჩერა, 187-მა კი წერილობითი გაფრთხილება მიიღო.
ასეთია პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილება. სხდომა, რომელზეც 200 ექიმის საქმე განიხილებოდა, წუხელ გვიან ღამით დასრულდა.
გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებით, თელავის ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკის ექიმის საქმე შემდგომი ძიებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.
საქმეებს შორის იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში შესული პაციენტების განცხადებები, რომლებიც არასწორი მკურნალობის შედეგად დაზარალდნენ. საჩივრების დიდი ნაწილი იმ გარდაცვლილების ოჯახის წევრების იყო, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი ახლობლების გარდაცვალება მედიკოსების არასწორად ჩატარებულ მკურბალობას უკავშირდება.
პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომას, რომელზეც ბოლო ორი წლის განმავლობაში, 30-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარ დარღვევაზე იყო მსჯელობა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პარლამენტის ჯანდანცვის კომიტეტის, სამინისტროსა და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სპეციალისტები ესწრებოდნენ.
საბჭო ორ თვეში ისევ შეიკრიბება.