ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს თქმით, საქართველომ უცხოური აგენტების კანონით ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან ორი დაარღვია.
პიტერ სტანოს შეკითხვა დაუსვეს იმის შესახებ, თუ რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაგირება საქართველოში ინიცირებულ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე და რატომ არ აქვს მსგავსი რეაგირება ისრაელში ინიცირებულ სასამართლო რეფორმაზე.
"უპირველეს ყოვლისა, როდესაც ჩვენ გამოვეხმაურეთ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, ეს იყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც გამოავლინა ინტერესი და ფაქტობრივად განცხადებით მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების შესახებ. ევროკავშირმა უპასუხა, აღიარა განაცხადი და განსაზღვრა 12 პრიორიტეტი. ერთი კანონით საქართველომ მოახერხა ამ 12 პრიორიტეტიდან ორის დარღვევა. ასე რომ, ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაქცია", - განაცხადა სტანომ.