უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის ცნობით, ბახმუტთან ვითარება სულ უფრო რთულდება. უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსები, დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობას არ წყვეტენ.
მისივე თქმით, მოწინავე ხაზზე „ვაგნერის“ მეტად მოზადებული შეტევითი რაზმები იბრძვიან, რომლებიც ცდლობენ უკრაინის თავდაცვის გარღვევას და ქალაქის ალყაში მოქცევას.
ბახმუტის მიმართულებაზე მძიმე ბრძოლების შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
„მტერი გამუდმებით ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება ჩვენი პოზიციების დასაცავად, გასამაგრებლად და თავდაცვის უზრუნველსაყოფად იქნას გამოყენებული“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, რუსეთის ძალების შეტევის ინტენსივობა არ იკლებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის თქმით, რუსეთის სარდლობა ზრდის შეტევების ინტენსივობას, იყენებს ტოტალური გამოფიტვისა და ტოტალური განადგურების ტაქტიკას.
მსგავსი ტაქტიკის გამოყენება რუსებს ძვირი უჯდებათ. უკრაინიული მხარის ინფორმაციით, ყოველღიურად ოკუპანტები ბახმუტთან 600-დან 1000-მდე ჯარისკაცს კარგავენ. მსგავს მონაცემებს ავრცელებენ დასავლელი ანალიტიკოსებიც.
ამასთან, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გაყინული გრუნტი იწყებს გალღვობას და ტალახად იქცევა, რომელშიც სამხედრო ტექნიკა ადვილად ეფლობა. ამ პირობებში დაჯავშნული კოლონების გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია.