ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ჩვენ გვექნება კონსულტაციები ჩვენი ფრაქციის წევრებთან, თუმცა ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება სწორედ ამის გამო. მართლაც იყო შეხვედრა ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ხნის წინ და მათ დააფიქსირეს პრინციპების დონეზე პოზიცია, რომ სურდათ ამერიკული ვარიანტის კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერა, რადგან მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია, შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან. პირდაპირ ვამბობთ, ყოველგვარი გადაჭარბების და მორიდების გარეშე და ამდენად მკაცრი კანონმდებლობა ამ სფეროში, მგონია, რომ მართლაც დააზიანებს ენჯეოსექტორის ინტერესებს და ზოგადად, საზოგადოებრივ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაშინ მათ ვთხოვეთ, რომ აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ. თუ უნდოდათ მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ, მათ ეს გააკეთეს, მაგრამ ამის მიუხედავადაც კი რამხელა ამბავი ატყდა", - განაცხადა მდინარაძემ.