„უკრაინაში ომის დაწყებისთანავე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე დაიწყო ძალიან გაურკვეველი, ბუნდოვანი საგარეო მესიჯების გაგზავნა - ამის შესახებ ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“თქვენ ზოგჯერ ლანძღავდით დასავლეთს, ზოგჯერ კარგი განცხადებებით გამოდიოდით და მადლობას უხდიდით მათ, თან საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინეთ, მაგრამ ამის პარალელურად, თავს ესხმოდით და ესხმით იმ ადამიანებს, რომლებმაც საბოლოოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ძალიან გაურკვეველი, ბუნდოვანი, ზოგჯერ კომიკური და ალბათ უფრო ტრაგიკომიკური რიტორიკა გქონდათ, მაგრამ განსაკუთრებულად, ბოლო რამდენიმე დღეა, პროცესები თითქოს დაჩქარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც თითქოს ფრთხილი და დაბალანსებულია - სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვს სიფრთხილესთან და დაბალანსებულ პოლიტიკასთან.
„ეს პოლიტიკა იმის გამოხატულებაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ფსონი აქვს დადებული უკრაინის დამარცხებაზე და მთელი პოლიტიკა სამწუხაროდ, ამაზეა აწყობილი“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. დეპუტატმა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა, რომელსაც სამარცხვინო უწოდა. „პრემიერ ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლა იყო ძალიან სამარცხვინო. ღარიბაშვილმა რუსეთი ნეგატიურ კონტექსტში საერთოდ ვერ ახსენა, ვერც აგრესორად, ვერც ოკუპანტად, ვერც მტრად. და ვერ თუ არ გაბედა, რომ უკრაინისთვის გამარჯვება ესურვებინა. ეს სწორედ მაშინ, როდესაც მთელი თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგას“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.