"ქართული ოცნების "აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ფრაქცია "ქართული ოცნება" ხალხის ძალის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მხარს დაუჭერს.
"ფრაქცია ქართული ოცნების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა", - თქვა მან.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არ არის არც რუსულის და არც ამერიკულის ანალოგი.
„პრინციპებზე თუ ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნასთან მიმართებაში. თუ ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის, უბრალოდ, იტყუება. ეს არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც არის უამრავი შეზღუდვა. თუ ვინმე დააპირებს, რომ ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც „ხალხის ძალამ“ წარმოადგინა, ამას ვერ შეძლებს, რადგან არცერთი შეზღუდვა არ ჩაუწერია „ხალხის ძალას“ კანონპროექტში. რუსეთში სხვაგვარი შეზღუდვებია, აშშ-ში – სხვა. ორივე შემთხვევაში საერთო შეიძლება იყოს ის, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ა.შ. ქართული კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ დარეგისტრირების ვალდებულებას ათი დღის განმავლობაში. თუ რომელიმე ორგანიზაციის, და არა კერძო პირის, უცხოური დაფინანსება გასცდება 20 პროცენტს, 10 დღეს აქვს ასეთ ორგანიზაციას, რომ რეესტრში დარეგისტრირდეს. შემდეგ ერთი წლის განმავლობაში უნდა წარადგინოს დეკლარაცია. სხვა რამეს ეს არ ითვალისწინებს. შეუძლებელია, მოიტანო არგუმენტი, რატომ შეიძლება, ამ პრინციპზე უარი თქვა“, – განაცხადა მდინარაძემ.