ეს არის პუტინის გზა და არავითარი კავშირი არ აქვს ამერიკულ კანონმდებლობასთან. „ქართულმა ოცნებამ“ ეს რომ არ იცოდეს, თავად იქნებოდა ინიციატორი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არგუმენტები ძალიან ჰგავს და თითქმის იდენტურია იმის, რასაც 2012 წელს პუტინი ამბობდა, როცა ამ კანონის ინიცირება მოხდა.
„ეს არის პუტინის გზა და არავითარი კავშირი არ აქვს ამერიკულ კანონმდებლობასთან. „ქართულმა ოცნებამ“ ეს რომ არ იცოდეს, თავად იქნებოდა ინიციატორი, რომელმაც ცვლილებების მომზადება დაავალა „ხალხის ძალას“, ცხრიანს და ახლა აპირებს, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყოს. ეს კანონი რუსეთში ნანახი რომ არ გვქონდეს, შეიძლება, ვიკამათოთ, მაგრამ ასე დაიწყო რუსეთშიც – დაღს ასვამდნენ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც უცხოეთიდან ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდათ. ამის შემდეგ ამ ადამიანებზე თავდასხმები დაიწყო და აიძულებდნენ, ქვეყნიდან წასულიყვნენ. ევროპელი პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ამ ცვლილებების მიღება პირდაპირ ზურგის შექცევაა დასავლეთისთვის“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.