ნატო-ს გარეშე ევროპაში არ არის უსაფრთხოება, ახლა ალიანსის მიღმა ხედვის დრო არ არის, ახლა ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და გაფართოების დროა, – საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოულოდნელი არ ყოფილა.
„ჩვენ შეიძლება, შოკირებული ვართ უკრაინაში რუსეთის შეჭრით, მაგრამ ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ეს არის წლების განმავლობაში რუსული აგრესიის ნიმუში. თვეების განმავლობაში ყველა ძალისხმევა ჩავდეთ რუსეთთან დიპლომატიურ ჩართულობაში. მიუნხენის კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე, მე მოვუწოდე პრეზიდენტ პუტინს, უკან დაეხია. ჩვენი სამშვიდობო მოწოდებების მიუხედავად, მან თავდასხმა აირჩია.
ჩვენ ომიდან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. პირველი, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ უკრაინის დახმარება. პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის გეგმავს მეტ ომს, ახალ თავდასხმებს. არ არის მტკიცებულება, რომ მან ამბიციები შეცვალა. ის ახდენს ასობით ათასი ჯარისკაცის მობილიზებას, გადაჰყავს რუსული ეკონომიკა სამხედრო ჩარჩოში, კავშირი აქვს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიც არის ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რათა მიიღოს მეტი შეიარაღება. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება, რომ იყოს ევროპის სუვერენული სახელმწიფო.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა. ომები არაპროგნოზირებადია და არ ვიცით, როდის და როგორ დასრულდება, მაგრამ ვიცი, რომ ეს ომი ხვალაც რომ დასრულდეს, ჩვენი უსაფრთხოების გარემო გრძელვადიანად შეიცვლება. კრემლს განსხვავებული ევროპა სურს, როდესაც რუსეთი აკონტროლებს მეზობლებს. უკრაინის ომი აჩვენებს, რომ უსაფრთხოება არ არის რეგიონული, ის გლობალურია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, „მესამე გაკვეთილი არის საზოგადოების მოქნილობის გაძლიერება“.
„სამხედრო ძალები აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად, მაგრამ არასკმარისია. ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ კიბერსივრცე, მომარაგების ჯაჭვები და ინფრასტრუქტურა. ცოტა ხნის წინ, ბევრი ამტკიცებდა, რომ რუსული გაზის იმპორტირება წმინდად ეკონომიკური საკითხი იყო, ასე არ არის. ეს პოლიტიკური საკითხია. ეს ჩვენს უსაფრთხოებას ეხება, რადგან რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებამ დაუცველი გაგვხადა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ მსგავსი შეცდომები ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ვაჭრობა გვაძლიერებს. არ უნდა შევქმნათ ახალი ბარიერები თავისუფალ და ღია ეკონომიკებს შორის.
ამ ომიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად უნდა იდგნენ. უფრო სახიფათო მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება ტრანსატლანტიკური კავშირი იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. ნატო-ს გარეშე ევროპაში არ არის უსაფრთხოება. ასე რომ, ახლა ალიანსის მიღმა ხედვის დრო არ არის, ახლა ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და გაფართოების დროა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.