ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსისა და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება, - "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ავტორიტეტულშელახული და კორუფციაში ბრალდებული ევროპარლამენტარების მუქარას, სერიოზულად ვერ განიხილავს.
"მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა ის შანტაჟი და მუქარა, რაც ბატონმა კუბილიუსმა საქართველოს გამოუცხადა. ესე იგი, თუ კუბილიუსების, ფოტიგებისა და გრეგოროვების თამაშის წესებით არ იმუშავებს საქართველო, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსისა და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ამათმა ვერ გაიგეს, რომ საქართველო, ეს არის სახელმწიფო, რომელიც კანონის უზენაესობით იმართება და ჩვენთან, ქვეყნის წინაშე დამსახურების, დაუმსახურებლობისა თუ სტატუსის მიუხედავად, თუ დააშავებ, პასუხს აგებ. ჩვენ ასეთ საქართველოს ვაშენებთ და ასეთი ევროპისკენ მივისწრაფით. რაც შეეხება ავტორიტეტულშელახული და კორუფციაში ბრალდებული ევროპარლამენტარების მუქარას, ამას სერიოზულად ვერც განვიხილავ. იცით, რომ 6 ევროპარლამენტარი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ყოველდღიურად მიდის დაკავებები და არ გამოვრიცხავ, ეს დაკავებები გაგრძელდეს. იმიტომ, რომ ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ ეს ევროპარლამენტარები - როცა პირიქით, უნდა მოგვიწოდებდნენ კანონის უზენაესობისა და კანონმორჩილებისკენ. როცა ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, შემდეგ ძალიან გაგვიჭირდება, ქართული საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ დიახ, ევროკავშირი, ეს არის კანონის უზენაესობა. ამას რატომ სჩადიან და აკეთებენ, ვერ ვხვდები. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველო ჩვენი ინტერესების შესაბამის თამაშს ითამაშებს, რომელიც კანონის უზენაესობას, საქართველოს ინტერესების დაცვასა და ამ მოცემულობით ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლას ეფუძნება" - თქვა ზარქუამ.
ვროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ მათი წესებით არ ითამაშებს. კუბილიუსის თქმით, თუ ხელისუფლება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ იგივე დამოკიდებულებას გააგრძელებს, მათთვის აშკარა იქნება, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს.