პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ვიდეოპაემნებით სარგებლობას ყველა კატეგორიის მსჯავრდებულისთვის ითხოვს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლორთქიფანიძემ განუმარტა, განსაკუთრებით მძიმე, მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს ერთჯერადი პაემნების აკრძალვა არ აქვთ, როდესაც პირდაპირ კონტაქტში შედიან ოჯახის წვრებთან, აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა დაწესდეს შეზღუდვა და რატომ უნდა ჩაითვალოს პრივილეგიად დისტანციური ურთიერთობა.
"ეს დისკრიმინაციული მიდგომა ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც კანონპროექტში გაიმიჯნა ერთმანეთისგან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიაში, მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიაში მსჯავრდებული პირები. ამას მივიჩნევ დისკრიმინაციულ ნორმად და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრთა უმრავლესობა მეთანხმება", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, პლენარულ სხდომაზე მეორედ მოსმენით გატანამდე კანონპროექტში აუცილებელია შევიდეს ცვლილება, კერძოდ კი პატიმრების დისკრიმინაციული ნორმის ამოღება მოხდეს და ჩაიწეროს, რომ ვიდროპაემნები ყველა კატეგორიის მსჯვრდებული პირებისთვის შესაძლებელი გახდება, ხოლო პაემნების ვადები გარდამავალი დებულებით განისაზღვროს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების სამინისტროსთან დამატებით კონსულტაციებს გაივლის, რის შემდეგაც შესაძლებელია დეპუტატის ინიციატივა კანონპროექტში აისახოს.
როგორც ცნობილია, 2011 წლის 1-ლი იანვრიდან პატიმრები ვიდეოპაემნებით ისარგებლებენ. მათ, ვისაც სურვილი ექნება მსჯავრდებულთან ვიდეოპაემანი განახორციელოს, სასჯელაღსრულების ბიუროს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. საკითხს სამინისტროში განიხილავენ და პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, ვიდეოპაემანი შედგება. პატიმრებსა და მათ ახლობლებს ვიდეოპაემნებით სარგებლობა თვეში მაქსიმუმ 8-ჯერ შეეძლებათ და ის 15-წუთიანი იქნება. თავდაპირველად ვიდეოპაემნები მხოლოდ თბილისის სასჯელაღსრულების დაწესებულებსში განხორციელდება.
ვიდეოპაემნებით სარგებლობის უფლება არ მიეცემათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულებს, რომლებსაც 10- და მეტწლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.