ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მშვიდობისთვის მზადების ნაცვლად უკრაინაში ახალ შეტევით მოქმედებებს იწყებს.
ამის შესახებ სტოლტებერგმა ხვალ, ბრიუსელში დაგეგმილი თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, არამედ იწყებს ახალ შეტევით მოქმედებებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი კიევის სამხედრო დახმარება ბრძოლის ველზე.
სტოლტენბერგის თქმით, სიჩქარე გადაარჩენს სიცოცხლეს. თუ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, ეს სიგნალი იქნება სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის გამოიყენოს ძალები საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
მისი აზრით, უკრაინაში რუსეთის განმეორებითი შეტევა უკვე დაიწყო, რაც ჩანს დამატებითი ძალების გაზრდით, რომელსაც რუსული მხარე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში აგზავნის.
"ჩემთვის ეს მხოლოდ ხაზს უსვამს უკრაინაში იარაღის, აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილების დროულად გაგზავნის მნიშვნელობას. რაც უფრო ადრე გავაკეთებთ ამას, მით მეტ სიცოცხლეს გადავარჩენთ და გზას გავუხსნით კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.