გაბრაზდა კი ბატონო და მოხსნა თავის ნახატი და წაიღო, ამის გამო მას არავინ დაიჭერს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს თემა ფსევდოლიბერალებმა გამოიგონეს.
"გაბრაზდა კი ბატონო და მოხსნა თავის ნახატი და წაიღო, ამის გამო მას არავინ დაიჭერს. თავი გამოყვეს ამ ფსევდოლიბერალებმა, ხელმოცარულები არიან მეტი არაფერი და არ იციან, რით დაკავდნენ. თავიანთი გამოგონილი თემა აქვთ და ახლა ჰგონიათ, რომ საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევენ, რომ თურმე იჭერენ. არავინ იჭერს, პატივცემულებო. ეს არის მიუღებელი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა, მაგრამ ყველა თავის ქმედებაში თავისუფალია და გამოუწერენ მაქსიმუმ ჯარიმას, შეიძლება ესეც არ გამოუწერონ", - იმედის ცნობით, განაცხადა ზარქუამ.
4 თებერვალს ეროვნულ მუზეუმში გამოფენაზე "ავტოპორტრეტი სარკესთან" ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".
სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.