ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს პოსტის დატოვება 2023 წლის შემოდგომზე სურს.
ამის შესახებ სტოლტენბერგის პრესსპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა. იუწყება Spiegel.
„ის არ აპირებს მანდატის შემდგომ გაგრძელებას“, - განაცხადა ლუნგესკუმ.
სტოლტენბერგს მანდატი უკვე სამჯერ გაუგრძელეს. ის თანამედებობაზე თითქმის ცხრა წლის განმავლობაში იმყოფება.
ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა წინადადება, რომ 63 წლის სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, შესაძლოა, ისევ გახანგრძლივდეს.
გამოცემა Welt am Sonntag დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ნატო-ს წევრ 30 ქვეყანას შორის არსებობს არაოფიციალური შეთანხმება ,2024 წლის აპრილამდე სტოლტენბერგის უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ
ბოლოს სტოლტენბერგს უფლებამოსილება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ - 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაუგრძელდა.
სტოლტენბერგს ვადა გასული წელს ეწურებოდა, ის ნორვეგიაში დაბრუნებას და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას გეგმავდა.
სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტს 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იკავებს.