ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას, რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მხრიდან გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.
„მართალი გითხრათ, ისე მაქვს ხელი ჩაქნეული ამ ქვეყანაზე, რომ მგონია, უკვე არაფერი აღარ მოიტანს შედეგს. ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას, რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით“, – აღნიშნა ალასანიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, არეულობა და ძალადობა მოიტანს თუ არა შედეგს, ალასანიამ განაცხადა: „მე არ ვიცი, რა მოიტანს შედეგს, ყველაფერი უნდა ისინჯოს, ხალხზეა დამოკიდებული, ვინ როგორ დაინახავს“, – თქვა გიული ალასანიამ.
ამასთან, კითხვაზე, მოელის თუ არა, რომ ყველაფერი მოხდება, რაც ჩალაძემ თქვა, ალასანია აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია.
„შესაძლებელია, რა თქმა უნდა. რა არის ამაში მუქარა? ეს არის რეალურად დანახული სურათი, ალბათ ასეა, რადგან ჩალაძემ თქვა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა: „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.