ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის ამგარიშის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა 81 პროცენტამდე გაიზარდა, რაც, კვლევის ავტორთა განმარტებით, იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან.
„თუმცა, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს ან საკმარისს არ აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, – აღნიშნულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში.
მსგავსი ტენდენციაა ნატო-სთან მიმართებითაც – მოსახლეობის უმრავლესობა (73 პროცენტი) საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას კვლავ უჭერს მხარს.
„ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადჰყოფს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ ფასების ზრდას საქართველოს ოჯახების უმრავლესობაზე ძალიან მძიმე გავლენა აქვს. აუცილებელია, რომ ეკონომიკა ნებისმიერი პოლიტიკოსისა და გადაწყვეტილების მიმღები პირის დღის წესრიგის სათავეში მოექცეს. ნათელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამიტომაც თუ პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობაში ნდობის აღდგენა სურთ, ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა კონცენტრირდნენ“, – აცხადებს NDI-საქართველოს დირექტორი ალან გილამი.
კვლევის ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.