საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დამაჯერებელი არ არის და დამატებითი არგუმენტები სჭირდება.
მისივე თქმით, სააკაშვილს სიარული უჭირს და ის საშუალო სიმძიმის ავადმყოფი არ არის.
„პირადად ჩემთვის, ეს მაინცდამაინც დამაჯერებელი არ იყო. ამას უამრავი დამატებითი არგუმენტი სჭირდება. მანამდე, თვეების განმავლობაში სხვა ექიმების, ექსპერტების დასკვნებს რასაც ვისმენდით, იქ ყველაფერი დასაბუთებული იყო. კოდები იყო მითითებული და ყველას გვარი, სახელი ვიცოდით. საერთოდ, ხომ გვახსოვს, რამდენი კონსილიუმი შეიქმნა, რამდენმა ძალიან მაღალი დონის პროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა ჩვენი მხრიდან. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამერიკელები იყვნენ ჩართული, ასევე შვეიცარიიდან, ერთი გერმანიიდან არის, ერთი ბრიტანეთიდან, თვითონ ჩვენგან, საქართველოდან იყვნენ ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები ჩართული და ასე თუ ისე, შეთანხმდნენ იმ დიაგნოზებზე, რომლებიც არის. გარდა ამისა, ხომ გვახსოვს, როგორ მდგომარეობაში შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში, ფეხზე იდგა, ნორმალური ადამიანი იყო, ახლა ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯზეც ვეღარ გადაადგილდება. გუშინ ძლივს ჩავსვი ეტლში. წარმოიდგინეთ, ასეთ მდგომარეობაშია და მეუბნებიან, რომ ეს არის საშუალო სიმძიმის ავადმყოფი?“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.