საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი CS Victims სტატიას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში.
დავით მათიკაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები, რომელიც რეალობას ასახავს, აქამდეც ვრცელდებოდა ივანიშვილის ადვოკატების მხრიდან და ადგილი აქვს მცდელობას ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ომში ჩართავს.
"გრძელდება მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და შემდგომ მან გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ე.წ. გლობალური ომის პარტიის ინტერესებში შედის და საქართველო ჩაერთოს ომში, გაიხსნას მეორე ფრონტი. სწორედ ამ ზეწოლაზე საუბრობენ ადვოკატები და ადრეც იყო არაერთი განცხადება გაკეთებული, რომ შვეიცარიული ბანკი საკუთარი რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ასრულებს ისეთ დავალებებს და დგამს ნაბიჯებს, რომელიც არც საბანკო სისტემის რეპუტაციას შეესაბამება და საქმიან ურთიერთობებში მსგავსი ქცევა არ არის მიღებული. აშკარაა, რომ ხდება კონკრეტულ პიროვნებაზე ზეწოლა და შანტაჟი," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში. საერთაშორისო პრესა აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც დაწვრილებით არის გადმოცემული სამართლებრივი დავის დეტალები.
პრესაში გავრცელებულია ივანიშვილის წარმომდგენლების განცხადება, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ ბანკი ქმნიდა მოლაპარაკების ილუზიას და ბანკის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, განაგრძობდა პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ.