"ლეოპარდების" უკრაინისთვის გადაცემის საკითხი იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრისა და "ნატო-ს" გენერალური მდივნის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ "ლეოპრადების" საკითხი კვლავ განხილვის თემაა და მასზე მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მალე გახდება ცნობილი.
"ლეოპარდების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე სიახლე არ გვაქვს, თუმცა ამ თემაზე ვმსჯელობთ. გადაწყვეტილება ძალიან მალე გახდება ცნობილი. მე რამშტაინის შეხვედრაზევე განვუცახდე კოლეგებს, რომ თუ რომელიმე სახელმწიფო მზადაა უკრაინელი სამხედროები "ლეოპარდების" გამოყენებაში გადაამზადონ, ჩვენ ხელს არ შევუშლით. ამავდროულად გაცემულია ბრძანება "ლეოპარდების" მარაგის შემოწმების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია თუ მოითხოვს, ჩვენ მზად ვიყოთ ამისთვის. არასწორი მოსაზრებაა თითქოს გერმანია იზოლირებულია და ევროპაში დაპირისპირებაა. ეს ასე არ არის და მინდა კოლეგებს ვთხოვო ხელი არ შეუწყონ არასწორი შთაბეჭდილებების გავრცელებას. ეს არის საკითხი, რაზეც ვმუშაობთ და ნამდვილად არ ნიშნავს უთანხმოებას. "ნატო" ერთიანი და სოლიდარულია," - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.
საკითხთან დაკავშირებით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გერმანიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება ისტორიულია.
"ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი მორიგ თავდასხმებს გეგმავს. უკრაინა ამისთვის მზად უნდა იყოს. კიევს ვაწვდით თანამედროვე შეიარაღებას მათ შორის "პატრიოტებს", "სტინგერებს", "გეპარდებს". უკრაინამ უნდა შეძლოს არა მხოლოდ რუსი სამხედრო ძალების შეკავება, არამედ ტერიტორიების უკან დაბრუნებაც.
მნიშვნელოვანია გერმანიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების რაოდენობა. ეს ისტორიულია. გერმანელების მიცემული იარაღი უკრაინაში არაერთ ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს, ისინი იცავენ თავიანთ სახლებს, სკოლებსა და კლინიკებს რუსული რაკეტებისგან. ასეთ გადამწყვეტ დროს აუცილებელია სწრაფად აღმოვუჩინოთ დახმარება უკრაინას. კონსულტაციები საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე გრძელდება და მე იმედი მაქვს, რომ მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.