ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ადამიანის უფლებების მიმართულებით 100-მდე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.
HRW-ის ანგარიშში მედიის თავისუფლებაზე საუბარი მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობის მისჯით საკითხით იწყება. ნათქვამია, რომ გვარამია დააკავეს "სხვა კერძო ტელეკომპანიის დირექტორობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით".
“მაისში სასამართლომ ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისას უფლებამოსილების გადამეტებისთვის, როდესაც სხვა კერძო ტელეკომპანიას ხელმძღვანელობდა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მისი მენეჯერული გადაწყვეტილებების შედეგად კომპანიას შემოსავალი შეუმცირდა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა და მას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ კერძო კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც საზიანო იყოს ის კომპანიისთვის, არ შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საგნად იქცეს და ხელისუფლებას საქმის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები. მარტში „მთავარი არხის“ რეპორტიორს ემა გოგოხიას და მის ოპერატორს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი, როდესაც ისინი იღებდნენ, როგორ შლიდნენ ზუგდიდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები პოლიტიკური პარტიის ოფისის კედელზე დახატულ უკრაინის დროშას. ხელის შეშლის ამ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
ივნისში „ტვ პირველის“ ოპერატორს მურმან ზოიძეს თავს დაესხნენ ბათუმში. ამ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა.
ივლისში პროკურატურამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო, რომლის დროსაც ერთ-ერთმა პარლამენტარმა, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ტვ პირველის“ დამფუძნებელს ვახტანგ წერეთელს.
მაისში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულმა სამმა ჟურნალისტმა მაუწყებლის მენეჯმენტი დაადანაშაულა ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში „უხეშ ჩარევაში“, განსაკუთრებით, რუსეთზე კრიტიკული მასალების მომზადებისას. რამდენიმე დღის შემდეგ იდენტური ბრალდება ამავე მაუწყებლის კიდევ ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა გააკეთა”, - წერია ანგარიშში.