ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ადამიანის უფლებების მიმართულებით 100-მდე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.
HRW-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (LGBT) ადამიანები საქართველოში კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას, შევიწროებასა და არიან ძალადობის მსხვერპლნი.
-
მაისში 30-კაციანი ჯგუფი თავს დაესხა ხუთ ტრანსგენდერ ქალს თბილისში, საკუთარ სახლში. თავდამსხმელები ქვებითა და აგურით შეიარაღებულები თავს დაესხნენ ქალებს, დააზიანეს მათი სახლი და დაემუქრნენ სიკვდილით. HRW-ის ანგარიშის მომზადების პერიოდში, გამოძიება მიმდინარეობდა.
-
ივლისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ადამიანი, ლგბტ თემის უფლებების დამცველი ჯგუფის - "თბილისი პრაიდის" ოფისზე 2021 წელს თავდასხმის გამო 5 000 ლარით დააჯარიმა. "2021 წლის ივლისში, ლგბტ თემზე მასობრივი თავდასხმის შედეგად, დაშავდა ათობით ადამიანი და გადაიდო ღირსების მარში" - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა. 26 პირს კი, ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, პატიმრობა შეეფარდა, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები დაუსჯელნი დარჩნენ.
-
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის ძალადობის ეპიზოდზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და აღნიშნულია, რომ ამ დროს "ხელისუფლებამ ვერ შეძლო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაცვა ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობისგან".