აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და ყოფილი თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი მიიჩნევენ, რომ „დღეს დრო უკრაინის მხარეს არ არის“, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერენ.
მათი პროგნოზით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება და ამის მიზეზი ისაა, რომ ვლადიმერ პუტინს კვლავაც სურს მთელი უკრაინის დაბრუნება რუსეთის კონტროლქვეშ, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ ის უკრაინას გაანადგურებს.
„პუტინი მიიჩნევს, რომ მისი ისტორიული ბედისწერა და მესიანური მისია არის რუსეთის იმპერიის აღდგენა, ხოლო როგორც წლების წინ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თქვა, რუსეთის იმპერია უკრაინის გარეშე ვერ იარსებებს“, – ნათქვამია სტატიაში.
თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსნების თქმით, „პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინაში დრო მასზე მუშაობს და მას შეუძლია, გამოფიტოს უკრაინელები და რომ შეერთებული შტატებისა და ევროპის ერთიანობა, საბოლოო ჯამში, დაიშლება“.
სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ „რუსეთის ეკონომიკა ომის პერიოდში მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს, თუმცა რუსებს უფრო მეტიც გადაუტანიათ“.
„პუტინი მარცხს არ განიხილავს. მას არ შეუძლია, დაუთმოს უკრაინას ოთხი ოლქი, რომელიც რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. თუ ის წელს სამხედრო წარმატებას ვერ მიაღწევს, მან უნდა შეინარჩუნოს კონტროლი პოზიციებზე უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთით, რომლებიც მოგვიანებით იქცევიან რუსეთის პლაცდარმად შეტევის განახლებისთვის, რათა დაისაკუთროს უკრაინის შავი ზღვის დარჩენილი სანაპირო, გააკონტროლოს მთელი დონბასი და შემდეგ წაიწიოს დასავლეთით“, – წერენ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და პენტაგონის ყოფილი მეთაური რობერტ გეითსი.
მათივე თქმით, ომის შედეგად, უკრაინა როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური კუთხით დასავლეთზე, კერძოდ კი, აშშ-ზეა დამოკიდებული, ხოლო ფრონტის ხაზზე უკრაინელების მორიგი მნიშვნელოვანი წინსვლის გარეშე, დასავლეთის ზეწოლა უკრაინაზე, რათა სამშვიდობო ზავი გაფორმდეს, დროთა განმავლობაში გაიზრდება.
„ასეთ ვითარებაში ნებისმიერი სამშვიდობო ზავი რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს, რათა მათ შეჭრა განაახლონ, როდესაც მზად იქნებიან. ეს კი მიუღებელია“, – ნათქვამია „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
კონდოლიზა რაისისა და რობერტ გეითსის მოსაზრებით, მსგავსი სცენარის ასარიდებლად ერთადერთი გზა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი გაზრდა იქნება.
„კონგრესმა ასეთი გაძლიერებისთვის თანხა გამოყო. ახლა საჭიროა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილება, რათა უკრაინას საჭირო სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდონ, უპირველეს ყოვლისა კი, მობილური ჯავშანტექნიკა. აშშ-ის თანხმობა „ბრედლის“ ტიპის საბრძოლო მანქანების მიწოდების შესახებ, ქებას იმსახურებს, თუმცა დაგვიანებულია. იმის გამო, რომ ამერიკული „აბრამსის“ ტანკების მიწოდებაში სერიოზული ლოჯისტიკური პრობლემებია, ეს დანაკლისი გერმანიამ და სხვა მოკავშირეებმა უნდა შეავსონ. ნატო-ს წევრებმა ასევე უნდა მიაწოდონ უკრაინელებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, თანამედროვე დრონები, საბრძოლო მასალა, დაზვერვისა და თვალთვალის დამატებითი საშუალებები და სხვა აღჭურვილობა. ეს უკრაინას რამდენიმე კვირში სჭირდება და არა – თვეში.
უმჯობესია, პუტინი ახლა გააჩერო, ვიდრე აშშ-სა და ნატო-სგან მეტი არ მოუთხოვიათ. ჩვენ გვყავს შემართებით აღსავსე პარტნიორი უკრაინაში, რომელიც მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა ომის შედეგებზე, რათა ეს ჩვენ არ მოგვიწიოს სამომავლოდ. ჩვენ ვეთანხმებით ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციას, რომ რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია აცილებული უნდა იყოს. თუმცა, გათამამებულმა პუტინმა ასეთი შანსი, შესაძლოა, არც მოგვცეს. რუსეთთან კონფრონტაციის ასაცილებლად მომავალში, აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა დღეს, რომ მათ ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწიონ. ეს არის ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, და ეს მოითხოვს გადაუდებელ ქმედებებს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება“, – ნათქვამია „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში.