მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილის საქმეს არაფერი კავშირი არ აქვს სამართალთან.
შალვა ხაჭაპურიძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 3 იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება.
შალვა ხაჭაპურიძის შეფასებით, ამას ჰქვია რეპრესიები, სამართლებრივი ნორმების დარღვევა, რაც მთელ მსოფლიოს ეცნობება.
„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. მიხეილ სააკაშვილის საქმეს არაფერი კავშირი არ აქვს სამართალთან. ესაა ჩვეულებრივი ომი, რომელიც მიმდინარეობს. ამ ომს ერთი მიზანი აქვს, სააკაშვილი უნდა მოკვდეს. სხვას ვერაფერს დავარქმევთ. ვიდრე ექსპერტიზა მიმდინარეობდა, ავადმყოფობის ისტორიები იყო ტომები, როდესაც ექსპერტიზა შეწყდა, რამდენიმე ფურცელია. ანუ სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაჩერდა ყველაფერი. ასევე, სხვა უამრავი ფაქტორია, შვილი არ შეუშვეს, ოჯახის წევრებს აქვთ შეზღუდვები, ადვოკატები შაბათ-კვირას ვერ შევდივართ. ასევეა დეპუტატებზე – ამას ჰქვია რეპრესიები, სამართლებრივი ნორმების ყველანაირი დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ეს ყველაფერი ფიქსირდება და გაეგზავნება მთელ მსოფლიოს, ცივილიზებულ სამყაროს, თუ რა მდგომარეობაშია სააკაშვილი“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.