ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მისაღწევად უმოკლესი გზაა. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ სააგენტო Dpa-სთან ინტერვიუში განაცხდა.
მან გერმანიას და ალიანსის სხვა წევრებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.
„ეს შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზანს, რაც უკრაინაზე კონტროლის დაწესებაა. მისივე თქმით, მაშინ შეიძლება გაჩნდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს გადარჩენას.
რუსეთის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ ბოლო დარტყმებზე საუბრისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის უკრაინას.
„პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, ზამთარი აქციოს იარაღად სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ არის თავდასხმა სამხედრო ობიექტებზე სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლით. ეს არის მასირებული თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, რადგან მილიონობით უკრაინელს საბაზო მომსახურება ერთმევა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.