თუ აღიარებ, რომ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს, მაშინ იმ სასამართლოს გადაწყვეტილებას ნუ დაელოდები, რომელსაც თავად არ ენდობი, უნდა გააკეთო ის, რაც შედის შენს კომპეტენციაში და რასაც ვერ აკეთებს სასამართლო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
ნაყოფიამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეზიდენციასთან მყოფი აქციის მონაწილეებისადმი მიმართვას გამოეხმაურა.
„პრეზიდენტმა გააკრიტიკა „ქართული ოცნება“. ჩემი აზრით, გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ახსენა ზოგი „ქართუ ბანკში“ იყო მოკალათებული და ზოგი იქო. ისაუბრა იმაზე, რა შანტაჟი და ზეწოლა ხორციელდება მასზე. პირველი შთაბეჭდილება, რაც მექმნება, ის არის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა, „ქართული ოცნება“ იმყოფება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. ეს არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ქვეყანაში არის ასეთი ვითარება და როცა ამ შემთხვევაში, ინსტიტუციებზე მიმდინარეობს შეტევა. დღევანდელი აქცია კი ვიცით, ვისი ორგანიზებულია და რატომ. პანიკაში არიან, არიქა ქვეყნის პრეზიდენტმა არ შეიწყალოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტიო. ამ პანიკის გაგრძელებაა ის აქცია, რა აქციასაც ატარებენ დღეს პრეზიდენტის სასახლესთან, მაგრამ მთავარ კითხვაზე მან პასუხი არ გაგვცა.
არ მახასიათებს, ვიცხოვრო იმედებით, არ არის ჩემი სტილი, ამიტომ ჩემს იმედებზე ვერაფერს გეტყვით. თქვა მან ბოლოს ერთი ფრაზა – „იქნება, როდესაც იქნებაო“ და იმედია, იქნება მალე ის სწორი გადაწყვეტილება, რაც, პირველ რიგში, გადაარჩენს ადამიანის სიცოცხლეს და ის სწორი გადაწყვეტილება, რაც არ დაუკარგავს ჩვენს ქვეყანას ევროპულ მომავალს და მისცემს მას განვითარების შანსს.
პრეზიდენტი ვალდებულია, ზუსტად ასეთ შემთხვევებში იზრუნოს პირველ რიგში ქვეყანაზე და გადასწიოს თავისი პიროვნული, თუ პირადი რაღაცები, რაზეც სხვათა შორის, საუბრის თავში თვითონ ისაუბრა, ხომ?! ამიტომ ყველანი ველოდებით იმ გადაწყვეტილებას, ყველას ეს მოლოდინი ჰქონდა. ბრიფინგის დაწყებამდე ვთქვი, რომ ყოველთვის არის მოლოდინი, მაგრამ ეს მოლოდინი რატომღაც სადღაც ქრება. როდესაც ექნება გადაწყვეტილება, სიამოვნებით მივიღებ. პირველ ჭეშმარიტებას თუ აღიარებ, რომ მურუსიძის, ჩინჩალაძის და ასე შემდეგ, ვისი გვარებიც დაასახელა, რომ სასამართლო არი მიკერძოებული, თუ ის ებრძოდა ამ სასამართლოს ყოველთვის, ანუ სასამართლო ებრძვის დღესაც. პირველ ჭეშმარიტებას თუ აღიარებ, რომ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს, მაშინ იმ სასამართლოს გადაწყვეტილებას ნუ დაელოდები. რატომ უნდა დაელოდო იმ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც შენ თვითონ არ ენდობი და მიგაჩნია, რომ სასამართლო არ არსებობს, ცოტა გაუგებარია და ამოვარდნილია ეს ამბავი. ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცები ხდება. მეორე ჭეშმარიტება უნდა აღიარო, რომ გააკეთო ის, რასაც ვერ აკეთებს სასამართლო და რაც შედის შენს კომპეტენციაში“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.