მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს მაინცდამაინც არ ეჩქარება იქიდან გამოსვლა, ყოველ შემთხვევაში თვითონ არაფერს აკეთებს ამისთვის, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ისევე, როგორც, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაამზადონ ერთმანეთთან მოლაპარაკების გეგმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.
„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესი კონსენსუსს ხელს შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში დატოვება პრობლემა იყო 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისითაც და მოვუწოდებდით მხარეებს, რომ რეალური წინადადება დაედოთ მაგიდაზე. ერთი მხრივ მესმის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების, რომლებიც უბრალოდ პირდაპირ მიშას ახლა გაშვებას და იქიდან, მიშას პოლიტიკაში იმავენაირ ჩართულობას, როგორც მის დაკავებამდე იყო, ვერ გაუგებს „ქართულ ოცნებას“. ამიტომ მოვუწოდებდით „ნაცმოძრაობას“, რომ მოდით გაამზადეთ რამე წინადადება ისეთი, რომ მიხვიდეთ „ქართულ ოცნებასთან“ და გასაგები იყოს მათი ამომრჩევლისთვისაც ეს პროცესი. მათ შორის, ერთ-ერთი წინადადება, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილში, თქვენი მზაობა, რომ პრობლემებს არ შექმნით და ამაზე საჯაროდ ილაპარაკოთ. იმავეს მოვუწოდებდით „ქართულ ოცნებას“, დადეთ თქვენი წინადადება სადაც, მიხეილ სააკაშვილიც დაინახავს მისი გადარჩენის გზას ფიზიკურად, მინიმუმ იმით, რომ ქვეყნიდან გავიდეს და სხვა ქვეყნის პოლიტიკაში დაკავდეს. ეს ძალიან მარტივი ამბავი არ არის, ყველასთვის ძალიან რთულია მიხვიდე და თქვა, რომ ასეთი გზა არსებობს და ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი წავა პოლიტიკიდან. ამის მზამზარეული რეცეპტი არ არსებობს. ამაზე იყო საჭირო მუშაობა, დისკუსია. ჩვენ ყველაფერი ბოლო დღემდე მივიყვანეთ, როდესაც ეს დაძაბულობა ხელს უშლის 12-პუნქტიან გეგმას. ახლა საერთოდ სხვა პროცესში ვართ, გეგმა კი არა კოლეგას არ დაემართოს რამე შიმშილობისგან, ამაზე ვნერვიულობთ. რაღაცნაირად მგონია, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ადამიანებს ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური „ბაბლის“ საგიჟეთი მობეზრდათ და აქედან გავიდეთ. მე ამ წუთას არ მაქვს აქედან გასვლის რეცეპტი, როდესაც მთავარ სახელისუფლებო ძალას და ოპოზიციას ჯერჯერობით უნდა ამ თამაშში დარჩენა და მიხეილ სააკაშვილსაც, როგორც ჩანს მაინცდამაინც არ ეჩქარება იქიდან გამოსვლა, ყოველ შემთხვევაში ჯანდაცვის არგუმენტების გარდა ამისთვის არაფერს აკეთებს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.