შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება, ამიტომ მოვუწოდე მათ, შეწყვიტონ შიმშილობა, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე დეპუტატების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ, იშიმშილონ, ასევე მნიშვნელოვანია, ითანამშრომლონ პარლამენტის აპარატთან და ამ მხრივ პარლამენტში იყოს სიმშვიდე.
„საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა საკითხი წყდება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით და მოწოდება, იძულება, შანტაჟი, მით უმეტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, არის მიუღებელი. პირიქით, ასეთი საქციელი, საბოლოო ჯამში, ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ უფრო მეტად არ ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სისტემასთან ან ექიმებთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს გამოაცხადეს. დღეს მათ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა. მოშიმშილეებს შალვა პაპუაშვილი შეხვდა.