იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულაციის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მსჯავრდებულ სააკაშვილს იყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
„რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს, როგორც მწამებელი და ამით დააზიანოს მისი იმიჯი. მიმდინარეობს ევროინტეგრაცია და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს ამ 12 პუნქტის შესასრულებლად, თუმცა ეს ხალხი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და მიხეილ სააკაშვილის გამოყენებით ცდილობს, აჩვენოს საზოგადოებას, თითქოს სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დამრღვევი. ნურას უკაცრავად, ამის უფლებას ვერავის მივცემთ. ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა კადრების გასაჯაროების გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხებზე:
„გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ გავასაჯაროეთ ძალიან ბევრი სხვა კადრი, რომლებშიც შეიძლება ანალოგიური ეპიზოდები იყოს წარმოდგენილი. ჩვენ მაქსიმალური თავშეკავებით ვიმოქმედეთ კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია“, - თქვა ბრეგაძემ.