ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპონენტების მხრიდან მუდმივად პოლიტიკური სპეკულაციების საგანია, აქაც არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაიკვეთოს“
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი-LIVE“-ს ეთერში განაცხადა, რომ მსჯავრდებულის სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოში გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო ემორჩილება ექიმების გადაწყვეტილებას.
„ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებით ექიმების გადაწყვეტილებას. თუკი ადამიანი არის საავადმყოფოში, ეს გულისხმობს იმას, რომ მას სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა, ანუ მასზე არის პასუხისმგებელი ექიმი. შესაბამისად, რასაც იტყვის ექიმი, ის უნდა შესრულდეს. ჩვენ დავემორჩილეთ და, ვფიქრობ, ექიმის გადაწყვეტილება ყველასთვის უნდა იყოს გასაგები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრის განცხადებითვე, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპონენტების მხრიდან მუდმივად პოლიტიკური სპეკულაციების საგანია, აქაც არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაიკვეთოს.
„ახლა რაც შეეხება აღქმებს და ამ საკითხის პოლიტიზებას, რასაც ოპონენტები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, აქაც არსებობს წითელი ხაზები. განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ ექიმებზე. მაშინ, როდესაც ექიმზე ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ ექიმმა შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა, ეს არის ექიმის უდიდესი შეურაცხყოფა. ექიმმა უნდა უმკურნალოს, მათ შორის, საომარი ვითარების დროს, მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგის მხრიდან აღმოჩნდება დაჭრილი ან დაშავებული სამხედრო მოსამსახურე. ჩვენ კი, ამ ხალხზე ვსაუბრობთ, რომ ისინი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. ამ განცხადების გამკეთებელი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ამ ხალხისთვის არ არსებობს წითელი ხაზები. როდესაც საუბარია მათ მერკანტილურ და ვიწროპარტიულ ინტერესებზე, ისინი არ დაინდობენ არავის, როგორც აკეთებდნენ აქამდე, აგრძელებენ იმავეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.