მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, უფლებადამცველები სასამართლოს დღეს ან ხვალ მიმართავენ. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის დასმული დიაგნოზები არა მხოლოდ მისთვის სასჯელის გადავადების, არამედ სასჯელისგან სრულად გათავისუფლების საფუძველს იძლევა.
ადვოკატი ამბობს, რომ დაიკითხება 20-მდე მედიკოსი, მათ შორის მოსამართლეს ჩვენებას მისცემს "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე.
"დღეს ან მაქსიმუმ ხვალ შევიტანთ, უკვე მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, შუამდგომლობაში იქნება ორი მოთხოვნა, ერთი იქნება სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება, ალტერნატიული სახით შევთავაზებთ სასამართლოს სასჯელის გადავადებას. ანუ იქნება როგორც 284-ე მუხლით, ისე, 283-ე მუხლით. [...] არის დიაგნოზები, რომლებიც გათვალისწინებულია სასჯელის გადავადების ჩამონათვალში, ჯანდაცვის მინისტრის შესაბამის ჩამონათვალში, არის სასჯელის გადავადებისთვის საკმარისზე მეტი დიაგნოზები, რომლებიც შედგენილია როგორც უცხოელი ისე ქართველი ექსპერტების", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.