პარლამენტის წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო ცდილობს, რომ საზოგადოებაში სიძულვილი დათესოს, ხოლო პასუხისმგებლობა მედიასა და საზოგადოებას დააკისროს.
"საპატრიარქო არის ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს კიდევაც ეს ძალადობა. სამწუხაროდ, ეს ფინანსდება ხალხის ფულით და ხელისუფლება, ყველა ხელისუფლება, არა მხოლოდ ეს, ცდილობს, ხარკის გადახდით გამოიყენოს ეს ინსტიტუცია. ამ ძალიან მძიმე საკითხში, რაც არის ქალების კვლა და ფემიციდი, ცდილობს, პასუხისმგებლობა დააკისროს მედიას, საზოგადოებას", - აცხადებს სამნიძე.
25 ნოემბერს, ხაშურში, დედათა მონასტერს უცნობი პირები თავს დაესხნენ, ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის ონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. დაკავებულების ადვოკატის ცნობით, ისინი ბრალს არ აღიარებენ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხაშურში, დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გამოეხმაურა და მომხდარი კრიტიკულ მედიას დააბრალა. ჯაღმაიძე Facebook-ზე წერდა, რომ მომხდარი "ანტიეკლესიური კამპანიის" შედეგია, რომელსაც მისი მტკიცებით, კრიტიკული მედია ეწევა.
ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა საზოგადოებაში - სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების მედიასაშუალებებზე გადაბრალება "უკიდურესად საშიში და არასწორია".
გირჩი-მეტი თავისუფლებამ კი ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მომხდარი ძალადობის ფაქტი მასმედიის "ანტიეკლესიურ კამპანიას" დააბრალო და ამისთვის პირველ, რიგში საჭიროა, საერთოდ არ გქონდეს სინდისი.
ცხუმის დედათა მონასტერში მონაზონზე თავდასხმას საპატრიარქოც გამოეხმაურა და თქვა, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.
26 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის დედათა მონასტერში ძალადობასა და ძარცვასთან დაკავშირებით 2 ადამიანის დაკავებაზე ინფორმაცია გაავრცელა – პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებმაც 70 წლის მონაზონი გააუპატიურეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.
საქართველოს პროკურატურამ, მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მონაზონზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.