ღირსებისა და თავისუფლების დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს სპეციალური ვიდეომიმართვით ულოცავს, რომელიც სიმბოლურად 1 წლის წინანდელი მიმართვის კადრით იწყება და გრძელდება დღევანდელით, უკვე ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვებითა და კადრებით.
ზელენსკის თქმით, უკრაინელები, ღირსებისა და თავისუფლების დღის აღსანიშნავად, დღეს მაიდანზე შეიკრიბებიან.
"ყველაფერს გადავლახავთ. ჩვენ გადავრჩებით. ჩვენ გავიმარჯვებთ!
ღირსებისა და თავისუფლების დღეს დამოუკიდებლობის მოედანზე შევიკრიბებით. იქ, სადაც ყოველთვის იყო დაცული ღირსება და თავისუფლება. ბარიკადებზე ნარინჯისფერი რევოლუციისა და ღირსების რევოლუციის დროს. სადაც აღვნიშნეთ უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავი და იქ, სადაც ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის გამარჯვების დღეს. მშვიდ კიევში, მშვიდ უკრაინაში, მე მთავარს ვიტყვი, იმას, რაც მუდამ უცვლელი რჩებოდა და რჩება - დიდება უკრაინას!" ამბობს ზელენსკი.